28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია - ევროკავშირის პროგრამის ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია ​ 

ევროკავშირის პროგრამით 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარით განისაზღვრა. ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ოთხ საპილოტე რეგიონში მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს. პროექტები მუნიციპალიტეტების ინიციატივით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში შეირჩა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქების თუ სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის.

ინფორმაცია დეპუტატებს დღეს მთავარობის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროექტები ითვალისწინებს გზების მოწესრიგებას, ბაღების რეაბილიტაციასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მინისტრი განმარტავს, რომ პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.

საპილოტე რეგიონებში პროექტების თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან მოხდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამატებით კახეთში დაიწყება. სოფელ რაჭისუბანში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

საპილოტე რეგიონებს შორისაა გურიაც. სოფელ ორაგვეში დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კონკრეტულ ლოკაციებზე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ლანჩხუთის მერი ამბობს, რომ განსახორციელებელი სამუშაოები ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას.

არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაგეგმილია წყალტუბოშიც. ხარაგაულში კი სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობდა დღეს იმერეთის გუბერნატორიც.

იმერეთში დაგეგმილი ახალი პროექტების გარდა, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამტრედიაშიც. პროგრამა საქართველოს 12 რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დღეისათვის 48 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

დღის ამბები