28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
9 დეპუტატი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს - "ქართულ ოცნებაში" პროტესტის უკიდურესი ფორმა უსაფუძვლოდ მიაჩნიათ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მეორე დღეა 9 დეპუტატი შიმშილობს. საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროტესტის უკიდურესი ფორმით კონკრეტულ მოთხოვნას აყენებენ.

შიმშილობის უფლება ყველას აქვს, თუმცა სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თანაგუნდელების მხრიდან შიმშილობის აქცია უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სადეპუტატო უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.

მოშიმშილე დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფლიგელში არიან განთავსებულები, სოლიდარობის გამოხატვის მიზნით დღეს კოლეგა ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა მოინახულეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან მათი აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაა.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებს ადეკვატურად აანალიზებს. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული სივრცე მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

საკანონმდებლო ორგანოს მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებშიც. პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას მე-13 დღეა პარლამენტის შენობაში განაგრძობს ელენე ხოშტარია. ის დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, "დროას" ლიდერი დღეს შედარებით სუსტად გრძნობდა თავს და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია ვერ შეძლო.

დღის ამბები