28 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
შიმშილობის 46-ე დღე - ექიმთა კონსილიუმის წევრები დღეს გლდანის ციხესთან არ გამოჩენილან, დაცვის მხარე კი ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას ომბუდსმენის ეგიდით ითხოვს

ექსპრეზიდენტისთვის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შიმშილობის 46-ე დღე იწურება. მთელი დღის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს ექიმთა კონსილიუმი მოინახულებდა, თუმცა ისინი გლდანის ციხესთან არ გამოჩენილან. სწორედ მათ უნდა შეაფასონ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მსჯავრდებულის მოსანახულებლად მისულმა ინტერესების დამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ციხის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ გუშინ კონსილიუმის ექიმები არასამუშაო საათების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს.

დაცვის მხარე ამ დრომდე ითხოვს, რომ ალტერნატიული კონსილიუმი ნინო ლომჯარიას ეგიდით შეიქმნას, თუმცა სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ექიმთა არსებულ კონსილიუმს სრულ ნდობას უცხადებს.

უკვე საქართველოშია ნინო ლომჯარიას უკრაინელი კოლეგაც. ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესი რადას კომისარი ქვეყანაში მეორედ მიხეილ სააკაშვილის თხოვნის შემდეგ ჩამოვიდა. სააკაშვილი მისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ უარეს პირობებში იმყოფება, ვიდრე წინა დაწესებულებაში იყო. ლუდმილა დენისოვა გლდანის ციხეში შესვლას ხვალ გეგმავს.

ციხის ჰოსპიტალი თუ სამოქალაქო კლინიკა - ეს საკითხი დილიდან პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა იყო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება, განსხვავებული არგუმენტები აქვთ მმართველ გუნდში.

კამათი იყო ბიუროს სხდომაზეც. მმართველი გუნდის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთმანეთი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს და ერთმანეთს წარსულიც გაუხსენეს. ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავა კოლეგა ოპოზიციონერებს კონსტურქციული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით დღის ბოლოს ხელისუფლებას ოჯახის სახელით ექსპრეზიდენტის შვილმაც მიმართა.

სამოქალაქო კლინიკაში პაციენტის მოთავსების მოთხოვნა დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაახმოვანეს მედიკოსებმაც. მათი შეფასებით, გლდანის ციხის საავადმყოფო არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი აპარატურით. გლდანის ციხის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი გუშინ აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და დანიშნულ მედიკამენტებსაც იღებს.

ექსპრეზიდენტმა დადო პირობაც, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

დღის ამბები