28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო დარბაზში რისკებთან არის დაკავშირებული, შეუძლია, პროცესში დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში არ დაესწრება, რადგან, უწყების ინფორმაციით, დარბაზში მისი წარმოდგენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.  

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი  ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე, შესაძლებელია, სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა," - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

დღის ამბები