28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება - დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი სხდომას

ძვირადღირებული სასტუმროები, კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურები, შოპინგი, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟები - სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელში 9 მილიონამდე ლარი დაახარჯა, თანხა კი ბიუჯეტიდან აიღო. საქმეზე, რომელზეც ექსპრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, 15 ნოემბერს იმსჯელებენ. ამ დრომდე ღიად რჩება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრების საკითხი.

ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, 2011 წლის 19-26 სექტემბრის პერიოდში, ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში, ვინმე ჯეინ სმიტზე სამკურნალო ხარჯები გაწეულია 110 797 ლარის ოდენობით. გამოძიების ინფორმაციით, ჯეინ სმიტი რეალურად სანდრა რულოვსია და ხარჯების დაფარვის მიზნით, სამედიცინო ხარჯები მოგონილ სახელზე გაატარეს. საქმის მასალებში დოკუმენტური მტკიცებულებებიც დევს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯებში, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი კიდევ ერთი წევრის, გიული ალასანიას სამედიცინო მომსახურების თანხებიც ფიქსირდება. დოკუმენტების თანახმად 2009-12 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო საჭიროებებისთვის, ბიუჯეტიდან 673 260 ლარი დაიხარჯა.

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართა, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით ვერ დაესწრო. უწყებამ ამის მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უწყებაში ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის წარმოება კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნული.

დღის ამბები