28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
წიგნი, რომელიც სააკაშვილის საკანში აღმოჩნდა და პოლიტიკური დუღილი, რომელიც ექსპრეზიდენტის გარშემო არ წყდება - კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

"საუკეთესო მიზეზი, რატომაც ისტორია უნდა ისწავლო: არა იმიტომ, რომ მომავალი განჭვრიტო, არამედ იმისათვის რომ წარსულისგან გაითავისუფლო თავი და ალტერნატიული ბედი წარმოიდგინო. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული თავისუფლება - ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს წარსულს... მაგრამ ასეთი თავისუფლება მაინც სჯობია არაფერს" - ეს არის ამონარიდი "ჰომო დეუსიდან“ - იუვალ ნოახ ჰარარის ბესტსელერიდან, რომელიც ხვალინდელობის მოკლე ისტორიაზე გვიყვება... სვამს ფუნდამენტურ კითხვებს: სად მივდივართ აქედან და როგორ დავიცვათ სამყარო ჩვენივე დესტრუქციული ძალებისგან? ანუ, რა ბედს ვუსახავთ დედამიწას ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ჰარარის განმარტებით, "თვითნაკეთი ღმერთები" ვართ...
 
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა შუაშია "კურიერის" გამოშვებასთან ლიტერატურის მიმოხილვა, ან ეს წიგნი - ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი "ჰომო დეუსს" პოლიტიკური მიზეზით დაუკავშირდა. წიგნი არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილის საკანში აღმოვაჩინეთ. სააკაშვილის, რომლის გარშემო პოლიტიკური დუღილი არ ცხრება და ეს კვირა ამ მხრივ გამორჩეული იყო.
 
კითხვები, რომელსაც ისრაელელი ავტორი წიგნში სვამს, საინტერესოდ ერგება სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც წლების შემდეგ სულ სხვა სახით ვნახეთ საქართველოში, ჯერ ვიხილეთ ბორკილებით, შემდეგ კი საკანში, ჩაკეტილ სივრცეში სადაც იატაკზე მიჭედებული მაგიდა და სკამია, დგას საწოლი, უწესრიგოდ არის დაყრილი ფურცლები. მომარაგებულია საკითხავი, დგას პატარა ტელევიზორი, კედლებზე კი სააკაშვილის და მისი მეუღლის, ლიზა იასკოს ორი ერთობლივი ფოტოა გაკრული.. ამ რეალობაში ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გმირობის მაგალითია, მეორისთვის კი დასასჯელი დამნაშავე, რომელმაც სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს....

განსხვავებული შეხედულებების და პოლიტიკური უთანხმოების მიღმა ყველა თანხმდება ერთზე, რომ კადრები სასიამოვნო სანახავი არ იყო. მათ შორის, ის კადრები, სადაც თვეზე მეტხანს შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი საკანში ბარგს თავისი ხელით ალაგებდა. შემდეგ თავისი ფეხით მიჰყვებოდა ბადრაგებს. რეანომობილით გლდანის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ კი უკიდურესად აღელვებული პროტესტს გამოთქვამდა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. საბოლოოდ კი ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში... განმარტება მარტივად ჟღერდა - სააკაშვილი პატიმარია და ეტაპირების წესებს უნდა დაემორჩილოს, მის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას კი პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს.

შიმშილობის შეწყვეტის შესახებ არაერთი მოწოდება ისმის... მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოდანაც, თუმცა, ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სააკაშვილს ახლა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ პირადი ვიზიტორები ხვდებიან. საჯაროდ ის არ გივნახავს გასულ კვირას 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ ხმაურიან პროცესზე, რომელიც მის გარეშე ჩატარდა. შესაძლოა, ვნახოთ და მისი პოზიციებიც მოვისმინოთ ხვალ.. საქალაქო სასამართლო სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდების საქმის განხილვას განაგრძობს, რომელიც მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხება.

დღის ამბები