28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
შევა თუ არა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან - ექიმები ნიკოლოზ ყიფშიძისგან პასუხს ელოდებიან

დღეს შიმშილობა კიდევ 9 დეპუტატმა დაიწყო, მიზეზი კვლავ ერთია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. არასამუშაო დღეს, საკანონმდებლო ორგანოში მოულოდენელად მისულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მოულოდენლი გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადეს. შიმშილობა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 9 დეპუტატმა დაიწყო, მათ ისიც თქვეს, რომ პროტესტის ამ ფორმას მალე მასობრივი ხასიათი ექნება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მალევე, გიორგი ბარამიძემაც დაწერა Facebooke-ზე პოსტი, რომ თანამებრძოლებს შეუერთდა და ისიც შიმშილობას იწყებს.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, სასჯელაღრსულების სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა დღეს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ყველა საჭირო მედიკამენტს იღებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მანანა ელეფტეროვამ, ასევე, სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მე-18 დაწესებულება დღეს წითელ ზონად გამოცხადდა.

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა სწორედ იქ, სადაც ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ამ ფონზე, მისი უფლებადამცველები უფრო მეტს საუბრობენ ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე. 

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების პატიმარს დღეს ერთადერთი სტუმარი ჰყავდა, ისიც პირადი ექიმი. მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდათ კონსილიუმის ექიმებსაც, თუმცა ექსპრეზიდენტის თანხმობის გარეშე სამკურნალო დაწესებულებაში ვერ შევიდნენ. კონსილიუმის წევრები ახლა ნიკოლოზ ყიფშიძის პასუხის მოლოდინში არიან. სწორედ ექიმთა 5 კაცისგან შემდგარმა კონსილიუმმა უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და გადაწყვიტოს, საჭიროებს თუ არა პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

მოგვიანებით, გლდანის ციხესთან მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც, მათი მთავარი გზავნილი დღესაც უცვლელია, მოშიმშილე სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც შესაბამის მკურნალობას გაუწევენ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ექსპრეზიდენტი ციხის ჰოსპიტალში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

ჯერ კიდევ გუშინ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავდმყოფოში მიხეილ სააკაშვილმა პირველად გაატარა მთელი დღე საწოლში. ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვდნენ,  სახალხო დამცველის ეგიდით 8 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი უნდა შექმნილიყო.სახალხო დამცველს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც ეწერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

ცნობისთვის : მიხეილ სააკაშვილი უკვე 45-ე დღეა, შიმშილობს. ექსპრეზიდენტი მზად არის პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს მხოლოდ იმ პირობით, თუკი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

დღის ამბები