28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მინდა მივმართო ექიმებს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ექიმებს სთხოვს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთონ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში.

"დროას" ლიდერი, რომელიც თავადაც შიმშილობს, ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და აუცილებელია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

"მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სხვის პროფესიაში, გავბედო და მივმართო ექიმებს, რომ მე თავად ვშიმშილობ უკვე მე-12 დღეა და ყველას გვესმის, რომ ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, აბსოლუტურად ცდება არა მხოლოდ პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს.

ეს არის კრიზისი, რომელიც ეხება ყველა მოქალაქეს და რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა პროფესიას.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება. ჩვენ, პრაქტიკულად, არ ვიცით და ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელიც გამოდის ბოლო დღეებში და ბოლო საათებში არის ძალიან საგანგაშო. ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, რომ მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა, კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშნავს გულის პრობლემებს. ეს ფრაგმენტულად გამოსული ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება - ეს არის ციხე, ეს არ არის საავადმყოფო. ეს არის ციხე, სადაც მისი მკურნალობის კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური და საფუძვლიანი.

ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებებს. აქედან გამომდინარე, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით მე მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში, ასევე კონკრეტულად იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და რომლებსაც აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში.

ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, მინდა მივმართო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური ინსტიტუტიდან დღეს მოთხოვნა თქვენ შესვლასთან დაკავშირებით, იქნებ თქვენ თვითონ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას.

ბატონი გიორგი გოცაძე, კრიტიკული მედიცინის ექიმი, იგივე თხოვნით მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები