28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ექსპრეზიდენტის მორიგ ბრალდებაზე სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილი ისევ სასამართლო სხდომის მოლოდინშია. საქმეზე, რომელზეც ექსპრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, 15 ნოემბერს იმსჯელებენ.

ამჯერად საუბარია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე - ძვირადღირებული სასტუმროები, კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურები, შოპინგი, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟები. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს ყოფილმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელში 9 მილიონამდე ლარი დაახარჯა, თანხა კი ბიუჯეტიდან აიღო. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და კვლავ ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ. 

ბრალდების საქმეზე, სადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან, სხდომა ორშაბათს ჩატარდება. პროცესზე სააკაშვილის მიყვანა ადვოკატების კატეგორიული მოთხოვნაა. რას გადაწყვეტს პენიტენციური სამსახური, უცნობია.

15 ნოემბრის სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტების საფუძველზე პროკურატურა ბიუჯეტის თანხების პირადი კომფორტისთვის, გართობისთვის და გარემოცვის ვოიაჟებისთვის უკანონო ხარჯვას ედავება.

ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, ექსპრეზიდენტმა საქართველოში სწორედ ამ მიზნით, 2011 წელს მოდელები და მოცეკვავეები, დები ვუსავები დედასთან ერთად ჩამოიყვანა. თბილისსა და ბათუმში მათი სასტუმროში ცხოვრება, კვება და საჩუქრები კი, ბიუჯეტს 16 ათასამდე ლარი დაუჯდა.

პროკურატურის მტკიცებით, მსხვილი თანხები ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკურ და ესთეტიკურ პროცედურებსაც, მათ შორის - 2010 წლის 11 აგვისტოს, ამერიკასა და გერმანიაში ექსპრეზიდენტის გასახდომ და კოსმეტიკურ მომსახურებებზე 17 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან შესაძლო არამიზნობრივ ხარჯებზე აუდიტის სამსახურმა დასკვნა მაშინ დაწერა, როდესაც მაკონტროლებელ ორგანოს, ლაშა თორდია ხელმძღვანელობდა.

დასკვნაში მოხვდა უცხოური ვოიაჟები, არაოფიციალური ვიზიტები, რომლის დროსაც სააკაშვილი თანაგუნდელებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ისვენებდა. ერთ-ერთი ასეთია 2012 წლის 26-29 მარტს, ტაილანდში, სინგაპურში და არაბეთის  გაერთიანებული საემიროში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი, რომელიც ოფიციალური მიზნით დაიწყო და არაოფიციალურით გაგრძელდა. აუდიტმა დასკვნაში ამ ვოიაჟის ხარჯებიც დათვალა.

საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ ტაილანდში, სასტუმრო "ამანპურში" ცხოვრების 2 დღის ხარჯმა 60 543 ლარი შეადგინა, ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის თანმხლები პირის, დავით ბაქრაძის ცხოვრების ხარჯმა შეადგინა 16 652 ლარი, ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუგსმანზე დაიხარჯა, 5 983 ლარი. სულ ტაილანდსა და სინგაპურში დაიხარჯა 213 385 ლარი. გაერთიანებული არაბეთის საემიროებში და დუბაიში ვიზიტი 48 ათასი ლარი დაჯდა.

ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 31 მაისს მიხეილ სააკაშვილი იტალიაში გაფრინდა. შოპინგში, კვებასა და დერმატოლოგიურ პროცედურებში 30 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

ხარჯების კანონიერებაში დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდება მოცულობითი მტკიცებულებებით მყარდება. უკანონო ხარჯვებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობაში სააკაშვილის მორალურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ. ექსპრეზიდენტს ცნობილი 26 მაისის მოვლენების შემდეგ, უცხოური ვოიაჟი დავით მათიკაშვილმა შეახსენა.

9 მილიონამდე ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, რომლებიც ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომაზე გადაყვანას ითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისგან განსხვავებით, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ "ქართულ ოცნებაში".

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ექსპრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანაზე, უცნობია. რამდენიმე დღის წინ, სასამართლო დარბაზში მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და უსაფრთხოებით ახსნა.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

დღის ამბები