28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
სიძულვილის ენა - პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის სახლთან მუქარის შემცველმა წარწერებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა  

სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი წარწერები "ნაცმოძრაობის" აქტივისტმა, ჯერ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის სახლთან გააკეთა, შემდეგ კი, ფაქტის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში ატვირთა.

სახლთან, რომელშიც არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, მსგავსი შინაარსის ქმედებას დანაშაულს უწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიხეილ სარჯველაძემ დღეს განმარტა, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს.

მხარდამჭერის ქმედებას დღეს ნაწილობრივ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაემიჯნენ, თუმცა თქვეს, რომ ციხის თანამშრომლის წინააღმდეგ მწვავე პროტესტი აუცილებელია. აქტივისტის მიერ გაკეთებული წარწერები და პროტესტის ფორმა მიუღებელია "ნაცმოძრაობის" პარტნიორი პოლიტიკოსებისთვისაც. ისინი ოჯახისა და არასრულწლოვნების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევენ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალებს გმობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსების თქმით, პერსონალური პრეტენზიების გამო ბავშვებისა და ოჯახის ბულინგი კატეგორიულად მიუღებელია. ლიდერების აზრით, კომუნიკაციისა და პროტესტის ნაჩვენები ფორმა არაჰუმანურია და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან გადის. 

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის სახლთან გაკეთებულ დამამცირებელ წარწერებს განსაკუთრებით მწვავე შეფასება მოყვა მმართველი გუნდის მხრიდან. "ქართულ ოცნებაში" "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერის ქმედებას ოპოზიციის რეალური სურვილების ლუსტრაციად მიიჩნევენ. 

პროტესტის ამ ფორმამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია დღეს სოციალურ ქსელში. მომხმარებელთა ნაწილმა აქტივისტის ქმედების ლოგიკურად ახსნაც სცადა.

დღის ბოლოს, ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია წერს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მიერ შეურაცხმყოფელი განცხადების აუთენტურობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ომბუდსმენი ციხის თანამშრომლის სახლთან გაკეთებული წარწერების შინაარსსაც გმობს და მოქალაქეებს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები