28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
პატიმრობის და შიმშილობის 44 დღე - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პენიტენციურ დაწესებულებაში ისევ არ დაუშვეს

შიმშილობის 44-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტის მონახულება ვერ შეძლო პოლონელმა ევროპარლამენტარმა. პენიტენციური სამსახურის უარის შემდეგ ანა ფოტიგამ ამ საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ ვერ შეძლო ევროპარლამენტარმა ყოფილ პრეზიდენტთან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლა? - განმარტება დღის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. სპეციალურ წერილში რატი ბრეგაძემ ანა ფოტიგას მისსავე წერილში ნახსენები ტერმინის - პოლიტპატიმრის განმარტება მოსთხოვა. 

ანა ფოტიგა საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. ის დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის მონახულების საკითხი იყო.

მიხეილ სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია ამაზე მისი თანაგუნდელები და ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი იმავე პოზიციაზე რჩებიან, რომ ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტის პირობაცაა.

შიმშილობა სააკაშვილმა პირობების გარეშე უნდა შეწყვიტოს - ასე პასუხობენ ოპონენტებს მმართველ გუნდში, სადაც მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილმა პრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

შიმშილობის შეწყვეტისკენ მიხეილ სააკაშვილს დღეს იუსტიციის მინისტრის მამამაც მოუწოდა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც მანამდე წერილით ექსპრეზიდენტის მამამ მიმართა.

ნიკოლოზ სააკაშვილი გრიგოლ ბრეგაძეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდა. მინისტრის მამის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების ობიექტური რეკომენდაციებით და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღებს დინამიურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს.

დღის ამბები