28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
შეურაცხმყოფელი წარწერები სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან - ფაქტს ოპოზიციონერი ლიდერები მიუღებელს უწოდებენ

შეურაცხმყოფელ წარწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან გააკეთეს, ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.

უცენზურო სიტყვები საღებავით არის დაწერილი. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მისთვის არამართლზომიერი და მიუღებელია. 

"ასეთი მოქმედებები პირადად ჩემთვის არამართლზომიერია, თუმცა არანაირად არ ამცირებს იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ის ჩადის ციხის ადმინისტრაციაში,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

პოლიტიკოს ირაკლი აბესაძის თქმით, ოპოზიცის პროტესტი, რომლებსაც ისინი აორგანიზებენ, არის მშვიდობიანი, ხოლო შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთება და მიმართვები სამართალდამცველის ოჯახის მიმართ, მიუღებელია.

"პროტესტის ის ფორმაა, რომელსაც პარტიები აორგანიზებენ, რომლებშიც ჩვენ ვართ ჩართული არის უაღრესად მშვიდობიანი და მაქსიმალურად ვიცავთ ყველა სტანდარტს, არა მხოლოდ საკანონმდებლოს, არამედ მორალურსაც, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს. სახლთან გაკეთებული წარწერა იქნება თუ ოჯახის წევრებთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები, ეს პირადად ჩემთვის მისაღები არ არის,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა იაგო ხვიჩიაც, მისი თქმით, მშობლები შვილების ცუდ ქმედებაზე პასუხისმგებლები არ არიან.

„შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ და პირიქით, არც მშობლები არ აგებენ პასუხს შვილების უღირს საქციელზე პასუხს,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

ცნობისთვის: სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან დაწერიი შეურაცხმყოფელი წარწერების ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, უცენზურო სიტყვები სადარბაზოში, სახლის კართან და ეზოში საღებავით არის დაწერილი. ფოტოები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

დღის ამბები