28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
პატიმრობის 43-ე დღე - გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მნახველები საზღვარგარეთიდანაც ჰყავს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებასთან დილიდან მივიდა და მსჯავრდებულის მონახულება ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ დღეს შეძლო. ექსპრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ლიზა იასკომ მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს, სანამ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ეს არ არის საავადმყოფო, ეს ციხეა - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის შეფასება მას შემდეგ, რაც დაცვის ქვეშ მყოფს სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა. ჯონ სენდვიჯის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის კატეგორიაში არ განიხილება.

ექსპრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მონახულება სურდა პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ევროპარლამენტის დეპუტატს, ანა ფოტიგას. ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის მონახულება დღეს ვერ შეძლო. შესაბამისი ნებართვა იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ გაუცია. პატიმართან შეხვედრა ლიტვის პარლამენტის ორ დეპუტატსაც სურდა.

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები არ გაკვირვებიათ მმართველ პარტიაში. ევროპელ დეპუტატს "ქართული ოცნების" წევრებმა სააკაშვილის პარტიული კოლეგაც უწოდეს და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენების წაკითხვაც ურჩიეს.

ექსპრეზიდენტი კვლავ შიმშილობს. მან უარი უკვე თქვა მედიკამენტებისა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებაზეც.

 

 

 

დღის ამბები