28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი - ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტის ქმედებები ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას

სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა - ვოლოდიმირ ზელენსკი სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ისაუბრეს პატიმრის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზეც.

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოს შიდა საქმეში ჩარევა მიუღებელია! - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ზელენსკის და ინფორმაცია ექსპრეზიდენტის მე-18 დაწესებულებაში ეტაპირების თაობაზეც მიაწოდა.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.

ქვეყანაში რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული, ამაზე იუსტიციის მინისტრიც საუბრობს. რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ყოველგვარი დათქმების გარეშე უნდა შეწყვიტოს.

"ღამის კურიერში" მინისტრმა განმარტა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება და პოსტშიმშილობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში მასთან როგორც პირადი, ასევე სხვა პროფილის მედიკოსებიც იმუშავებენ.

ის, რაც სამინისტროსთვის ულტიმატუმია, სტრასბურის სასამართლოს მოწოდების შესრულებაა სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პირობები ახლა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას ხელისუფლება ასრულებს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ ევროსასამართლოს განცხადება პატიმრის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია და ის ყოველგვარი დათქმების გარეშე უნდა შესრულდეს.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დაყენებულ პირობებს ტაქტიკურ შეცდომას უწოდებენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაწყებულ აქციებს არ უერთდებიან. ისინი გამოსავალს ისევ სტრასბურგის სასამართლოში ხედავენ, რომელსაც ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდონ. სხვა ოპოზიციური პარტიები კი იმავე პოზიციას ინარჩუნებენ, რომ პოსტშიმშილობის სარეაბილიტაციო პროცესი მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გაგრძელდეს და არა გლდანის დაწესებულებაში.

სად გააგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში? - "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტებმა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფის ფაქტორებით უნდა მიიღონ. ამბობენ იმასაც, რომ ამ მიდგომით პირველ რიგში ის დაწესებულება უნდა შეფასდეს, სადაც ექსპრეზიდენტი ამჟამად იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ამ ფორმით შეწყვეტას ყოფილი პრეზიდენტი იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მას რეაბილიტაციას მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკების მეთოდით გაატარებენ.

დღის ამბები