28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
USAID და UNICEF ანახლებენ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი ანახლებენ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ახალი 1 წლიანი პროგრამა არის ამ ორი ორგანიზაციის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ოჯახები COVID-19-ისგან და როგორ შეამცირონ პანდემიით გამოწვეული ზიანი.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელი ხალხის მიერ გაწეულმა სწრაფმა დახმარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პანდემიის გავლენა ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე და საფუძველი ჩაუყარა აღდგენით პროცესს. ახლა ამ დახმარების საშუალებით ჩვენ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდთან ახალ თანამშრომლობას ვიწყებთ. ერთად ჩვენ დავეხმარებით საქართველოს მიიღოს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება," - აცხადებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ახალი პროექტი მთავრობას დაეხმარება COVID-19 გავრცელების პრევენციაში და პანდემიის რისკების შემცირებაში ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: რისკების კომუნიკაცია; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებისა და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება; ასევე კრიტიკული აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა COVID-19-ის პრევენციისა და მართვისთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით.                                     

"ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პრევენციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმისთვის, რომ უწყვეტ მხარდაჭერას უწევს ბავშვებს, ოჯახებს და თემებს," - აცხადებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ​ღასან ხალილი.

დღის ამბები