28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ახალი კურორტები და ტურისტული მიზიდულობის ცენტრები - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო პროექტები მოამზადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოამზადა, რომლებიც საქართველოში ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით გაიმართა, 40-მდე საინვესტიციო შეთავაზება განიხილეს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ტურისტული ობიექტების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პროექტებს. 

განხილული წინადადებებიდან, უახლოეს პერიოდში საინვესტიციო თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებები შეირჩევა და მათ პროექტირებაზე მუშაობა დაიწყება. 

სამუშაო შეხვედრისას აღინიშნა, რომ იდენტიფიცირებულია ყველა რეგიონი, სადაც არსებობს ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების განვითარების პოტენციალი. მაგალითად აღინიშნა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სამშვილდეში, ასევე ახალი კურორტის განვითარება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ ახალი ტურისტული სერვისების გაჩენის პოტენციალი. 

როგორც პრემიერმა განაცხადა, ახალი საინვესტიციო შეთავაზებები ხელს შეუწყობს ინვესტორთა დაინტერესებას საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რეგიონების თანაბარ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

დღის ამბები