28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"როგორ უნდა გადაგვეყვანა პატიმარი, როგორც თვითონ გადაჰყავდათ? როცა გულთბილ დახვედრას უწყობდნენ ხელკეტებით?" - მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და სახელმწიფო ინსპექტორი ახორციელებენ. 

"როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გავრცელდა ასევე ის კადრებიც, როდესაც მას რეანომობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები თქვენობით, მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო, ეუბნებოდნენ, რომ მისი ჯანმრთელობისთვის კეთდებოდა და აქედან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე. ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებ ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დღე და ღამეს ასწორებენ და ათენებენ.

ბუნებრივია, ამის უფლებას ჩვენ ვერავის მივცემთ, ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს ვინმე უსამართლოდ შეეხოს და არ შეასრულოს მისი კანონიერი მოთხოვნა. შემდგომში, როდესაც ის არ დაემორჩილა, სრულიად პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. თუ ვინმეს აქვს კითხვები, იყო თუ არა ეს ძალა პროპორციული, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს როგორც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია, ისე სახელმწიფო ინსპექტორი. სამართლებრივ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს გამოძიებამ, თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედი ძალა და ეს იხილა საზოგადოებამაც - ეკიდათ ხელები კიდურებზე და ცდილობდნენ ადამიანი დაზიანების გარეშე გადაეყვანათ, აბა მაშინ სხვაგვარად როგორ უნდა გადაეყვანათ? ახსნას ვინმემ, ჩვენმა ოპონენტებმა აგვიხსნან. როგორ უნდა გადაგვეყვანა, როგორც თვითონ გადაჰყავდათ? იგივე გლდანში, როცა გულთბილ დახვედრას უწყობდნენ ხელკეტებით, ასე უნდა გადაგვეყვანა?"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას. 

დღის ამბები