28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ბოლო ერთ თვეში სოფელში სამმა მოზარდმა მოიკლა თავი - რას ჰყვებიან ადგილობრივები

დაბრუნდა თუ არა ე.წ ლურჯი ვეშაპი საქართველოში? ერთ სოფელში, ერთ თვეში, ზედიზედ უკვე 3 თვითმკვლელობა მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, მათი ასაკი, მაქსიმუმ, 22 წლამდეა. ბოლო მსხვერპლი კი არასრულწლოვანია, რომელმაც თავი იმავე მეთოდით მოიკლა, როგორც დანარჩენმა ორმა.

მივიწყებულ საშიშ ინტერნეტ თამაშზე ისევ ალაპარაკდნენ. დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ეჭვობენ, რომ ახალგაზრდების და მათ შორის არასრულწლოვნების სუიციდი სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

თვითმკვლელობის სცენარი ყველა შემთხვევაში ერთია, მსხვერპლი ახალგაზრდები კი ერთმანეთისთვის არც ისე ახლობლები არიან, მაგრამ სოფელში მაინც ცდილობენ, იპოვონ კავშირი ამ სამ ისტორიასთან.

ბოლო შემთხვევა სოფელში სამი დღის წინ მოხდა, მსხვერპლი 15 წლის ბიჭია. ამბობენ, რომ მისთვის რაიმე საეჭვო არასდროს შეუნიშნავთ, არც ოჯახის და არც მოზარდის პირადი პრობლემების შესახებ სმენიათ. მომხდარზე საუბარი არ ისურვეს სკოლაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ თინეიჯერის თვითმკვლელობის მიზეზი ინტერნეტთამაშია, ჩნდება კითხვაც, მართლაც არსებობს თუ არა ვირტუალური მკვლელი. სპეციალისტები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია მიზეზს, რადგან ყოველთვის არსებობს მაპროვოცირებელი, პრევენცია კი პრობლემების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე ამოცნობაა.

როგორ მუშაობს საშიში ინტერნეტ თამაში ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე - უფლებადამცველები საერთო სქემაზე საუბრობენ.ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ ისინი ცდილობენ დათრგუნონ ბავშვების ფსიქიკა, აშინებენ და ემუქრებიან :

"აუცილებელია, მოზარდებს ვასწავლოთ თავის დაცვა, ვუთხრათ, რომ ეს არის უკანონო და ამის ჩამდენის ადგილი არის ციხეში," - ამბობს ანა არგანაშვილი. 

ბავშვთა სუიციდის პრევენციის პროგრამა საქართველოში არ მოქმედებს, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არც სტატისტიკა საჯაროვდება. თემის გაშუქებისას მაღალია მედიის პასუხისმგებლობაც. ბავშვებმა და მშობლებმა კი უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ ადამიანები და უწყებები, რომლებიც დაეხმარებიან, დაიცვან მათი სიცოცხლე და გამოავლინონ დამნაშავეები.

დღის ამბები