28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს - რა პირობებს აყენებს ექსპრეზიდენტი ამისთვის

პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს, თუმცა პირობებს აყენებს. სტრასბურგის დაჟინებულ თხოვნას ყოფილი პრეზიდენტი იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ მას რეაბილიტაციას მულტიფუნქციური და მაღალ ტექნოლოგიური კლინიკების მეთოდით გაატარებენ.

"სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - სწორედ ასე შევიდა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის ზუსტი შინაარსი, ამ დრომდე, უცნობია, თუმცა, ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს პასუხი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. 

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

სტრასბურგის სასამართლოს განცხადება ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ევროპულ სასამართლოში სააკაშვილის შიმშილობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ეს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოხატულ უნდობლობას ნიშნავს.

"ქართული ოცნება" კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შიმშილობის თემით პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები კონკრეტული საქმის შეუფერხებლად წარმოებისთვის, სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.

სტრასბურგის სასამართლომ მიხელ სააკაშვილის საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა და მხარეებს საქმის სრულყოფილი წარმოებისთვის ინფორმაციის 24 ნოემბრამდე მიწოდება დაავალა.

დღის ამბები