28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
რუსთავის ციხიდან გლდანში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები - რის შემდეგ ხდება აგრესიული ყოფილი პრეზიდენტი

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა კადრები, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას ასახავს. გავრცელებულ მასალაში, მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეუბნება, რომ საკუთარი ნებით რეანომობილიდან არ ჩავა და რუსთავის ციხეში დაბრუნებასაც ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველებისთვის კადრები ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. 

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრის გადაყვანის ადგილს და დროს, გარემოებებიდან გამომდინარე, პენიტენციური სამსახური არჩევს და ეს ამ უწყების დისკრეციული უფლებაა. 

იქამდე, გასაჯაროვდა კადრები, სადაც აღწერილია ყოფილი პრეზიდენტის რეანომობილიდან გადმოყვანისა და სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის მომენტი. მასალაში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადასვლაზე უარს ამბობს, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებს რეანომობილიდან იძულებით გადმოჰყავთ: მას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები კიდურებში ხელს ჰკიდებენ და სამკურნალო დაწესებულების პალატამდე სწორედ ამ მდგომარეობაში მიჰყავთ. 

მასალაში ჩანს, რომ პალატაში შეყვანის შემდეგ სააკაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებს სიტყვიერად უპირისპირებდა, შემდეგ კი ადგილი აქვს ფიზიკურ შეხებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მისამართით. კადრებში ასახულია ის მომენტიც, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აზიანებს სამედიცინო აპარატურას. 

იუსტიციის მინისტრმა კადრების გავრცელება "მაღალი საზოგადოებრივი" ინტერესით ახსნა.

კადრებში მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები ვერ დაინახეს მისმა ინტერესების დამცველებმა; მეტიც - განმარტავენ, რომ ჩანაწერების გასაჯაროებით უწყებამ დაარღვია ექსპრეზიდენტის უფლებები და შეილახა მისი ღირსება. 

მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების შეწყვეტისკენ პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს დღის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და სახალხო დამცველმა მოუწოდეს. ორივე უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიუღებელია მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება, რადგან ამ ფორმით ირღვევა პატიმრის უფლებები და ილახება მისი ღირსება.

დღის ამბები