28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ყველა მისი უფლება დაცული უნდა იყოს" - კარლ ჰარცელი

მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება პროცესებს. დიპლომატის განცხადებით, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული ადგილობრივი კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

"ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვამს წუხილს ყველა იმ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ სიტუაციას თან ახლავს.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა ინსტიტუტს. ეს არის სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, რასაც მივესალმებით, ვფიქრობ რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასევე, მსურს აღვნიშნო სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც ის ამ პროცესში თამაშობს და მას აქვს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური როლი, ამ საქმის ზედამხედველობის კუთხით და იძლევა შეფასებებს და რჩევებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. ასევე მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს რჩევებსა და რეკომენდაციებს პატიმართა უფლებებთან დაკავშირებით.

მინდა აღვნიშნო ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა მისი უფლება დაცული უნდა იყოს, როგორც პატიმრის. უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით, რომელიც აღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.

მივესალმები სტრასბურგის შუალედურ ღონისძიებას, რომელიც არის იმედისმომცემი პირველი ნაბიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებულია ორი მოთხოვნა. ერთი არის მოწოდება ბატონი სააკაშვილისადმი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და მეორე არის მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომელიც არის სავალდებულო.

ამ ინფორმაციის საბოლოო თარიღი არის 24 ნოემბერი, როდესაც ეს ინფორმაცია უკან უნდა დაუბრუნდეს სტრასბურგის სასამართლოს. ეს არის ძალიან ბალანსირებული მიდგომა, რომელიც ყველა ამ დასმულ საკითხებს ითვალისწინებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს განხორციელებული,"- განმარტავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი.

დღის ამბები