28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან, აქვს ტელევიზორი და საბანკო ბარათი" - იუსტიციის მინისტრი 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება. როგორც მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისთანავე 179 ვიზიტორი ჰყავდა და ის 24 საათიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ასევე მინისტრი აღნიშნავს, რომ მას საბანკო ბარათი უქმე დღეებში დაუმზადდა და საკანში ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფილი იყო.

"ბრალდება, რომელსაც ასევე მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ წამოწიონ საზოგადოებაში და იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად მთავრობას დააბრალონ, თითქოს ჩვენ ვინმეს ვაწამებთ და ვეპყრობით არაადამიანურად.

ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს, შემოსახლებიდან დღემდე, ეს იყო 1 ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, იგი 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან, ასევე მას შემოსახლებისთანავე ზუსტად 2 დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი, ასევე მას აქვს ტელევიზორი და როდესაც ამოეწურა თანხა ბარათზე და უნდოდა მაცივარი, ესეც ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნა შეასრულა.

ასევე, ჩვენს საზოგადოებას ვეტყვი, რომ მუდმივ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი და ასევე იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე.

ასევე, სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე და ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლაც უპრეცენდენტო არის მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით და სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის 2 კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი და რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი.

თუმცა, რა ინფორმაციაც არ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას და ამას ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს და არჩევს, სად არის სიმართლე და სად არის მტკნარი სიცრუე, ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ მსგავსი ტიპის ბრალდებების კეთებას," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები