28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
უწყებათაშორისი სწავლება "დიდგორი 2021" აქტიურ ფაზაში შევიდა

საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობა საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედებით - ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება, იმიტირებული გენშტაბი და საველე ოპერაციები, ყველაზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება "დიდგორი 2021" აქტიურ ფაზაში შევიდა.

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალის ბატალიონს პირობითი მტრის გასანადგურებლად რამდენიმე წუთი დასჭირდა.

წვრთნაში თავდაცვის ტექნიკასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია იყო ჩართული. პირობითი მტრის გასანეიტრალებელ სპეცოპერაციაში, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე მხარისგან რამდენიმემ გაქცევა მოახერხა, მეორე ლოკაციაზე კი მათი სრული განეიტრალება მოხდა. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი სამხედრო, რომლის ევაკუაციაც დიდგორი მედევაკით მოხდა.

პირობითი მტრის განადგურების სპეცოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა. 

უწყებათაშორისი სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები ნატოს სტანდარტებით არის აღჭურვილი, რომელიც საერთო საჯარისო ცენტრშია განთავსებული. სასწავლო აუდიტორია წელს პირველად იყენებს ახალ სიმულაციურ სისტემებს - ვირტუალური ბრძოლის ველს, რომელიც საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

"დიდგორი 2021“ წინა სწავლებისგან  განსხვავებული და უფრო მასშტაბურია. წელს, პირველად, მასში საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებიც არის გათვალისწინებული.
უწყებათაშორისი სწავლება პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს, მასში 4 უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს.

დღის ამბები