28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მომატებულია და დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 15% სწორედ ბავშვები არიან. მისი თქმით, გაზრდილია იმ ინფიცირებული ბავშვების რიცხვიც, რომლებიც ვირუსის გამო კლინიკაში ხვდებიან. 

"კორონავირუსის დელტა ვარიანტის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ასაკობრივი განაწილება, მოიმატა, ასევე, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7%, შემდეგ ალფას შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ანუ, 100 ინფიცირებული ბავშვიდან, 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში. გარდაცვალების მაჩვენებელიც იყო წარმოდგენილი. დღეისათვის, საქართველოში 8 ბავშვი არის გარდაცვლილი კორონავირუსის გამო. ეს იყო ის არგუმენტები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანას მოჰყავს, როდესაც ადასტურებს კორონავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობას ბავშვთა ასაკში," - ამბობს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer-ით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ხვალიდან შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით ბუსტერ დოზის გამოყენებაც.  

დღის ამბები