28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ერიკა ოლსონმა შეხვედრები "ოცნებასთან" აუდიენციით დაიწყო - ამერიკელი მაღალჩინოსანი ხვალ ოპოზიციას შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებთან აუდიენციით დაიწყო.

ერიკა ოლსონის ვიზიტი თბილისში კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, ამერიკა საქართველოს შორის არსებული მჭიდრო, სტრატეგიული პარტნიორობის - ასე აფასებენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რეგიონში სტუმრობას მმართველ პარტიაში. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეგიონში სტაბილურობა საქართველოსა და ამერიკისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

იმ რეფორმების გარდა, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება, "ქართული ოცნების" წევრებმა მაღალი რანგის სტუმართან რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და იმ პრიორიტეტულ ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრეს, რაც სტრატეგიული პარტნიორების დაკვირვების ქვეშ არის.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს ერიკა ოლსონი ხვალაც განაგრძობს. ამჯერად, ის დროს ოპოზიციას დაუთმობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მსგავსი შეხვედრები კარგი საშუალებაა, სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ.

იქამდე, ვიდრე ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართება, მაღალი რანგის სტუმარმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობისგან მიიღო.

დღის ბოლოს ერიკა ოლსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. სტუმარმა შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დღის ამბები