ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაორმაგდა. უკვე მეორედ, პანდემიის ეპიცენტრად კონტინენტის გამოცხადებამ, ქვეყნები იძულებული გახადა მკაცრი ზომების გატარება დაეწყოთ. გერმანიაში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, ავადობის კოეფიციენტმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ყველაზე რთული სიტუაცია საქსონიის, თიურინგიისა და ბავარიის მხარეებშია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 67% სრულად ვაქცინირებულია, ხელისუფლებაში მიიჩნევენ რომ ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის საკმარისი არ არის.
რთული ვითარებაა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსით თითქმის 40 ათასი ბრიტანელი დაავადდა. რეკორდულად მაღალია მონაცემები საფრანგეთშიც, სადაც სკოლებში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა. დელტა შტამით გამოწვეულ კოვიდკრიზისს რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს ნიდერლანდებიც, სადაც მოქალაქეები მწვანე ბარათის გარეშე სპორტდარბაზებში, მუზეუმებსა და ზოოპარკებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია ბულგარეთსა და რუმინეთში. ევროკავშირის ამ ორ სახელმწიფოში რეკორდული სტატისტიკა ყველაზე დაბალი ვაქცინაციის ტემპით არის განპირობებული.
კორონავირუსის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულს აღწევს რუსეთსა და უკრაინაში. დღეიდან უკრაინაში საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელებიც აცრაზე უარს იტყვიან, სამსახურიდან დაითხოვენ.
ევროპაში დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კი შეერთებული შტატები 20-თვიანი შეზღუდვის შემდეგ 33 ქვეყნის სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის. გარდა ამისა, მოგზაურებისთვის სახმელეთო საზღვარი იხსნება კანადასა და მექსიკასთანაც.