28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზა კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილია ჭავჭავაძის დაბადების 184 წლისთავს ეხმაურება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ და საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული:

"დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

ილიას მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ, მისი საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული.

ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა წარმოუდგენელი მასშტაბის პირადი ძალისხმევით შეძლო ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ილიას შემოქმედებამ ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა. მისმა მრავალმხრივმა საზოგადო მოღვაწეობამ კი განვითარების ის გზა დასახა, რომელსაც დღესაც მივყვებით, და რომელიც კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი.

გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - სამშობლოს მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები