28 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა "ვივამედის" ექიმები შევიდნენ.

პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის : 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები, ამ ეტაპზე, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები