28 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
თელავში პატარა კახის 301-ე დაბადების დღე, პომპეზურად, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა

დღეს კახეთში "ერეკლეობა", იგივე "თელავქალაქობა" აღინიშნება. თელაველებმა ერეკლე მეფის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, კულტურული და შემეცნებით ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით გამართეს.

დღესასწაული, ტრადიციულად, მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო და ერეკლეს სასახლეში, ეროვნულ სამოსში კოსტიუმირებული სანახაობითა და კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიებას სამეფო გვარის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დღეს ერეკლე მეორეს საპატიო ორდენით დააჯილდოვეს. მოსახლეობას საშუალება მიეცა გასცნობოდა ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილ ღვინის, ხალხური რეწვისა და მუსიკის პავილიონებს.

პატარა კახისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს, როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ირაკლი ქადაგიშვილმა თელაველებს "ერეკლეობის" დღესასწაული მიულოცა და საქართველოს ისტორიაში მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სახალხო დღესასწაული "ერეკლეობა" მეფის იუბილეს აღსანიშნავად თელავში ტრადიციულად, ყოველი წლის 7 ნოემბერს იმართება. პანდემიის მიუხედავად, კახეთში ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. პატარა კახის დღესასწაული რეგულაციების სრული დაცვით, კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები