28 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
წირვა დაკავებების და პოლიციის ზედამხედველობის ფონზე - ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების დაპირისპირება გრძელდება

ხატები, წიგნები და სამოსი - 3 დღის შემდეგ პირველად, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის საშუალება მიეცათ. პროცესს სამართალდამცველები აკვირდებოდნენ. 

დილით მონასტერში ხმაური იყო - საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, პოლიციამ 10 პირი დააკავა, მათ შორის, ერთი განკვეთილი ბერი მარკოზია. მიზეზი მხარდამჭერებთან ერთად ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობა გახდა, რასაც წინ სამართალდამცველები აღუდგნენ. 

საკვირაო წირვა, გარეთ პოლიციის, ხოლო ტაძარში ჩოხოსნების თანხლებით ჩატარდა. ლიტურგია ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ერთობლივად აღავლინეს. ქადაგებისას სასულიერო პირებმა განკვეთილი ბერების მხრიდან არაერთ ცილისწამებაზე ისაუბრეს და მათ სინანულისკენ მოუწოდეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე ხმაურიან პროცესებს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა. მან არსებულ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა, დეტალების სიღრმისეული განხილვისგან თავი შეიკავა და მხოლოდ პატრიარქის რჩევა-დარიგება გაიხსენა.

ჭყონდიდელ ბერებს სალხინოს მამათა მონასტერი პარასკევს მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მათ საპატრიარქოს წერილის აღსრულებაზე უარი განაცხადეს, ტაძარში მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს კი წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს. საპატრიარქო წერილში ამბობდა, რომ დასჯილები 11 სექტემბრის შემდეგ უკანონოდ დაუფლებოდნენ საპატრიარქოს ქონებას, ურჩობდნენ და ხელს უშლიდნენ ღვთისმსახურების ჩატარებას. მიტროპოლიტმა სტეფანემ ამბოხებულებს თავშესაფარი ლენტეხ-ცაგერის ეპარქიაში მისცა, მაგრამ დასჯილებმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს.

დღის ამბები