28 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ითვალისწინებს თუ არა შიმშილი იმ საკვების მიღებას, რასაც ექსპრეზიდენტი იღებს - ენმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აკრიტიკებს

"ნაციონალური მოძრაობა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო აკრიტიკებს. პარტიაში განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტის მიერ ექიმის კაბინეტში მიღებული საკვები მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი. ნაცმოძრაობაში კვლავ პატიმარი სააკაშვილის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციები გაგრძელდება.

ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების მოთხოვნას არალეგიტიმურს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში, ოპონენტების სურვილს, სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით, დღეს, უსაფუძვლო უწოდეს. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საპროტესტო შიმშილობა, რეალურად, მომხრეების ემოციებით მანიპულირებაა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ნაცმოძრაობის" მოსაზრებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც იზიარებს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის პარტნიორები ამბობენ, რომ საკვების მიღება ექსპრეზიდენტისთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნებას უკავშირდება და შიმშილობის პროტოკოლში შედის.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". პოლიტიკური ცენტრის ლიდერებისთვის გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზე არაა.

პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ოპონენტების მოთხოვნებს დღეს "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს, რომ ექსპრეზიდენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საკვებ დანამატებსაც იღებს. შესაბამისად, ვითარების დამძიმების რისკი არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 38-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან საკვებ დანამატებზე უარს აცხადებს.

დღის ამბები