28 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"მონასტერში მოვედი ერთი ჩანთით და მივდივარ ერთი ჩანთით" - განკვეთილ ბერებს ყოფილ კელიებში უცხო პირები დახვდათ

სალხინოს მამათა მონასტრიდან სამი დღის წინ გაძევებულ ბერებს პოლიციამ საშუალება მისცა სამონასტრო კომპლექსიდან პირადი ნივთები გამოეტანათ. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, განკვეთილი ბერები თავიანთ ყოფილ კელიებში რიგრიგობით შედიან. 

"მონასტერში მოვედი ერთი ჩანთით და მივდივარ ერთი ჩანთით. ჩემი ნაშრომი, ნაღვაწი დავტოვე აქ. ბერი ვარ და, მადლობა ღმერთს, არ ვნანობ, რომ არ მიმაქვს, უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ისე ხდება, რაც არ უნდა მომხდარიყო ქრისტიანულში. არც სურვილი მქონია მეტი რამე წამომეღო, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ბერები რაღაცა პირადი სარგებელისთვის ვართ მონასტერში, შეგიძლიათ ჩემს კელიაში დაბრუნდეთ და ნახავთ, რომ ყველაფერი დავტოვე,"- აცხადებს მარტვილის ტაძრის ყოფილი დიაკვანი პეტრე ღუდუშაური.

განკვეთილი ბერები ამბობენ, რომ თავიანთ ყოფილ კელიებში მათ უცხო პირები დახვდათ, თუმცა კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

"შევედით ჩვენს კელიებში და პირადი ნივთები, რაც ადამიანს ჰიგიენისთვის სჭირდება, ის გამოვიტანეთ, მეტი სხვა ვერაფერი. ჩვენთვის ყველა უცნობი იყო, პირველად ვნახეთ,"- აცხადებს ერთ-ერთი განკვეთილი ბერი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის რომ იყოს იმ ადამიანთა რიცხვში, ვისაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე რჩევებს ეკითხება, მისი რჩევა სხვაგვარი იქნებოდა. 

"პატრიარქი ხშირად ამბობს, უთქვამს ჩვენთვის, რომ თქვენ, მღვდელმთავრები უნდა ფიქრობდეთ, რომ ისტორიული პიროვნებები ხართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქმედება არამარტო დღეს, არამედ ისტორიულ ჭრილშიც იქნება შეფასებული და ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს,"-აცხადებს 
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც მონასტრიდან გაძევებული სასულიერო პირების გარეშე პირველი წირვა ჩატარდა, ადგილზე ხმაური იყო. საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა და 10-მდე პირის განყოფილებაში გადაყვანა. 

დღის ამბები