28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
უკვე მეორედ, ევროპა კორონავირუსის წითელი ზონა გახდა - სახელმწიფოები რეგულაციებს თავიდან აწესებენ

ევროპელებს შესაძლოა კიდევ ერთი ზამთრის ლოქდაუნში გატარება მოუწიოთ. "დელტა" შტამი ძალებს იკრეფს, რის გამოც ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ზამთარში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები დატვირთვას ვერ გაუძლებენ. მხოლოდ გერმანიაში თითქმის 36 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 67% სრულად აცრილია, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიის მორიგ ტალღასთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის.

გერმანიის გარდა კრიტიკულ ზღვარზე კიდევ ათობით ევროპული სახელმწიფოა. ფრანგმა კანონმდებლებმა კოვიდ-პასპორტის გამოყენების ვადა მინიმუმ მომდევნო წლის ივლისამდე განსაზღვრეს. ნიდერლანდებმა პირბადის გამოყენება სავალდებულო ხელახლა გახადა. რუმინეთში კი იმდენად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რომ მწვავე პაციენტები გადასარჩენად მეზობელ სახელმწიფოებში გადაჰყავთ.
 
ბოლო 24 საათში ინფექციის 34 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ქვეყანაში უკვე ყოველდღიური სტატისტიკა რეკორდულია. გაერთიანებულმა სამეფომ ვირუსთან ბრძოლა განსხვავებული მეთოდებით დაიწყო. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კოვიდპაციენტებს "მერკის" მიერ წარმოებული აბებით უმკურნალებს, მიზანი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაა.
 
უკონტროლოა ინფექციის გავრცელების ტემპი პოლონეთში. ქვეყანაში ვირუსით დღეში 15 ათასზე მეტი ადამიანი ავადდება. აპრილის შემდეგ ეს მაჩვენებელი პოლონეთისთვის რეკორდულია.
 
რუსეთი კი ყოველდღიურად ვირუსით ათასზე მეტ ადამიანს კარგავს. გადატვირთულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები