საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდშია ჩანიშნული, მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება.
როგორც მინისტრი აცხადებს, ეს რეკომენდაცია პატიმრის უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგისთვის არის გაცემული.
"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში პროცესს ხელს შეუშლიდნენ და ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული.
პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილი ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ! პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული.
ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ.
ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი,"- აცხადებს რატი ბრეგაძე.