28 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა - წერილის ადრესატები მოშიმშილე ადამიანები არიან

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. წერილში ის დეტალურად წერს იმ სცენარზე, რომლის მიხედვითაც მომდევნო დღეებში მოვლენები უნდა განვითარდეს. მიმართვის ადრესატები დღესაც ის ადამიანები არიან, რომლებიც ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად შიმშილობენ.

თუმცა შესაძლოა, ციხიდან გამოტანილი წერილები ციხესთანვე აღარ გასაჯაროვდეს. მსჯავრდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რაზეც პატიმრის საკნიდან გამოსული ადვოკატები დილიდან საუბრობდნენ.

ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას განსხვავებულად აღწერს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ადგილზე არაერთი დადებითი ცვლილება აშკარაა, თუმცა პრობლემა მაინც რჩება. ერთ-ერთ მათგანად სახალხო დამცველი კვლავ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის პირად უსაფრთხოებას.

უცვლელი რჩება ხელისუფლების პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. არის თუ არა მზად მოშიმშილე მსჯავრდებულის მისაღებად ციხის ჰოსპიტალი - ამაზე რეგულირების სააგენტოს დასკვნამ დღეს გასცა პასუხი. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დღის ბოლოს ბრიფინგი პარტიაში გამართა და მხარდამჭერებს ხვალინდელი აქციის დეტალები გააცნო. მელია მსჯავრდებული სააკაშვილის მომხრეებს ციხესთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობას განაგრძოს ელენე ხოშტარია. მოშიმშილე დეპუტატს დღეს ოპოზიციონერი კოლეგები სტუმრობდნენ. ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარემაც მოინახულა.

რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ დრომდე რჩებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები. 

დღის ამბები