ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი ნატოელი მოკავშირეების მისამართით, კონგრესის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, კრიტიკული განცხადებები ისმოდა. კანონმდებლების შეშფოთების მიზეზი, რუსეთის აგრესიის და დამაზიანებელი ქმედებების ფონზე, უნგრეთსა და პოლონეთში დემოკრატიის გაუარესებაა. კომისიის წევრები შიშობენ, რომ ამ ქვეყნებში, დემოკრატიული ვალდებულებებისგან უკან დახევა და ნატოელი მოკავშირე უნგრეთის რუსეთთან ახლო ასოცირება, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა.
"ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით, უნგრეთის დემოკრატიის მაჩვენებელი ბოლო წლებში 19 პუნქტით გაუარესდა და დემოკრატიული ქვეყნებიდან ჰიბრიდულ რეჟიმებში გადავიდა. 20 ქულით არის უკან დახეული პოლონეთი, თუმცა, ისევ ინარჩუნებს ადგილს დემოკრატიების ჯგუფში. კომისიის სხდომაზე თქვეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, ორივე ქვეყანაში მზარდია.
სპეციალისტებმა კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აქამდე აწარმოებდნენ, ვარშავის და ბუდაპეშტის დემოკრატიულ ვალდებულებებთან დასაბრუნებლად, მათ შორის, ობამას ადმინისტრაციის მიერ, უნგრეთის ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის კორუფციის გამო დაწესებული სავიზო აკრძალვა, არაეფექტური აღმოჩნდა. მათ კონგრესს ახალი, ტრანსატლანტიკური მიდგომების მოძებნა ურჩიეს.
კომისიის სხდომაზე თქვეს, რომ დემოკრატიის გაუარესება მგრძნობიარეს ხდის ორ ნატოელ მოკავშირეს რუსული დეზინფორმაციის და მოსკოვის სხვა დამაზიანებელი ქმედებების წინააღმდეგ. ჰეზერ ქონლიმ ხაზი გაუსვა, რომ სუვერენული ქვეყნები თავად ირჩევენ გზას, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია უარი თქვას ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, თუკი ეს ქვეყნები არადემოკრატიულ გზას აირჩევენ.