28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე დასავლეთიდან აქტიურობას ელოდება - რატომ არ აკეთებენ ამ დრომდე კომენტარს მოკავშირეები

პარლამენტის ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე, მოკავშირეებისგან უფრო მეტ აქტიურობას ელოდება. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ფეისბუქ პოსტში აღნიშნავს, რომ დასავლეთს სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით "გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე რჩევების გაცემა". 

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". მოკავშირეების მხრიდან, როგორც თავად ამბობს, ღირსეული პოზიციის დაფიქსირება გარდაუვლად მიაჩნია თაკო ჩარკვიანს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დასაბრუნებლად, საერთო სახალხო მოძრაობაც დააფუძნა.

დასავლელი პარტნიორების თავშეკავებული პოზიცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე მმართველი გუნდისთვის იმის მანიშნებელია, რომ მოკავშირეები საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევიან. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ კონკრეტული პატიმრის გამო სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ შეიცვლება.

ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელის სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, დასავლეთის აქტიური ჩართულობის გარეშე, საქართველოში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი არ აღმოიფხვრება. განსხვავებულად აღიქვამენ პოლიტიკურ პროცესებს "გირჩში" და მოქალაქეებში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე პარტნიორების მხრიდან აქტივობების მოლოდინი ნაკლებად აქვთ.

ყოფილი პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილს პროტესტის ნიშნად შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

დღის ამბები