28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
მოქმედი პრეზიდენტის უარი ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე - სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასებები

დღეს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მეორე თხოვნას მეორეჯერ უარით უპასუხა პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

"არა და არასდროს" - მეორე კატეგორიული უარია ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენციიდანაც.

პრეზიდენტის უარი შეწყალებაზე მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს არ გაჰკვირვებიათ. მორიგ უარამდე "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია შესაძლოა შეცვლილიყო, თუმცა კიდევ ერთი "არა"-ს შემდეგ ყოფილმა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის მიუღებელია, მმართველი პარტიის ლიდერებისთვის სამართლებრივი პრინციპების პატივისცემაა. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონის წინაშე პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს.

ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად კოალიციაში ხედავს პოლიტიკური მომავალს, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი ექსკლუზიური უფლება გამონაკლისების გარეშე უნდა გამოიყენოს. დანარჩენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა კი მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია ორმაგ სტანდარტად აღიქვეს. ვინაიდან, მათი თქმით, ერთის მხრივ, საუბარი პოლარიზაციის დასრულებაზე, შესაძლოა, არალოგიკური იყოს, რადგან ზურაბიშვილი მისი ურყევი მიდგომით თავად უწყობდეს ამას ხელს.

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ექსპრეზიდენტის დაკავებიდან და მისი შიმშილობიდან ერთი თვის შემდეგაც უცვლელია. ქვეყნის მთავარსარდლისთვის ყოფილი პირველი პირი ვერც პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა, შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი გეგმის თავიდან ასაცილებლად, სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ უწყებებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 თვეზე მეტია უკვე სასჯელს იხდის.

დღის ამბები