28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კოვიდსიტუაციის მართვაზე დღეს გამოხმაურება, როგორც საპატრიარქოში, ასევე ოპოზიციაშიც მოჰყვა

ოპოზიციურ პარტიებში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, პარტიებში მიაჩნიათ, რომ კოვიდის მართვასა და შექმნილ ეპიდსიტუაციაზე პასუხისმგებლობა თანაბრად არ უნდა ნაწილდებოდეს. ვაქცინაციის მხარდაჭერის ნაწილში კი ოპოზიციას პრეზიდენტის მიდგომა მოსწონს. ეთანხმებიან მის კონკრეტულ კოვიდრეკომენდაციებსაც, თუმცა არა იმას, რომელიც აუცრელი მოქალაქეებისთვის ფასიანი მკურნალობის დაწესებას ეხება.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ პანდემიის დასრულების გზა სწორედ საზოგადოების ერთიანობაზე გადის. სახელისუფლო პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრი ვაქცინაციის გააქტიურებაზე ერთიანი ძალებით უნდა მუშაობდეს, ამ კუთხით მათ დღეს პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოებისთვის გაკეთებული გზავნილის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, თუმცა თქვეს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადებები, ერთგვარ განხილვას საჭიროებს.

საარჩევნო პერიოდი რომ დასრულდა, თუმცა პანდემია, როგორც ქვეყნის მთავარი გამოწვევა გრძელდება, პოლიტიკურ მხარეებს და შესაბამის ინსტიტუციებს საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგიდან გუშინ საღამოს შეახსენა. სალომე ზურაბიშვილს, კოვიდინიციატივების გარდა, კონკრეტული ადრესატებიც ჰყავდა. სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიები და საპატრიარქო -პრეზიდენტმა მათ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდა.

საგანგებო განცხადებამდე სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრაც ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს პოზიცია არ შეცვლილა და ის იგივე დარჩა, რაც სინოდის განჩინებაშიც ჩაიწერა. საპატრიარქო ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება, თუმცა თვლის, რომ აცრის გაკეთება მრევლისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

პანდემიის გარშემო გაერთიანებისთვის და შესაბამისი კონსულტაციებისთვის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ წინააღმდეგია ნებისმიერი ჩაკეტვის ან ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის.

დღის ამბები