28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ვაქცინაცია სამწუხაროდ საქართველოში გაიყინა ერთ ადგილზე, ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის მეოთხედი - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების შემცირება მოსალოდნელი არაა. მისი თქმით, არსებობს 3 წინაპირობა, რომელიც გავლენას ახდენს კოვიდვითარებაზე, ესენია: ვაქცინა, პირბადე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს შემთხვევაში ეს წინაპირობები არ სრულდება:

"ყველანაირად ვცდილობ, რომ თავი შევიკავო დრამატიზაციისგან, ისედაც სტრესში მყოფი მოსახლეობა რომ კიდევ უფრო მეტად არ დაისტრესოს. მაგრამ მდგომარეობა რომ სერიოზულია, ეს ფაქტია. ყოველდღიურად ფიქსირდება 5-6 ათასი ახალი შემთხვევა, ზრდის ტენდენციით და რაც ყველაზე მთავარია, არ ჩანს წინაპირობა და არაა მოცემულობა, რომ ეს ზრდის ტენდენცია შემცირდეს.

3 მექანიზმით შეიძლება შემცირდეს, ეს მექანიზმებია ვაქცინაციით მოცვა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში პრაქტიკულად გაიყინა ერთ ადგილზე, ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის მეოთხედი - 25% და მოზრდილი მოსახლეობის 32%. ეს არის ძალიან ცოტა, თუ ჩავთვლით, რომ ევროპაში და ამერიკაში პრაქტიკულად ვაქცინირებულია უკვე მოსახლეობის 2/3-ზე მეტი და ზოგიერთ ქვეყანაში 3-ჯერ ვაქცინირებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი.  ეს იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოში ძლიერია ანტივაქსერული განწყობა, ძნელი ასახსნელია. იმატებს შემთხვევების რაოდენობა, გარდაუვალია გარდაცვალების რაოდენობის მატება, ამას ყველა ამბობს და არავინ არაფერს აკეთებს.

მეორე მექანიზმია პირბადეები - პირბადეების ტარების ძალიან დაბალი -45%-ია. მაშინ როდესაც ევროპაში სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი 90%-ია. 

შემდეგია ხალხმრავალი შეკრებები და თავყრილობები, რაშიც საქართველო უპირობო ლიდერია. არ გვყოფნიდა ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები და ახლა ამას დაემატა პოლიტიკური მოტივებით დიდი შეკრებები, რომელსაც თან ახლავს მობილობის გაზრდა იმიტომ, რომ ტრანსპორტით გადაადგილდებიან სხვადასხვა ქალაქებიდან. არჩევნებიც და გვეგონა რომ არჩევნებთან ერთად ეს დამთავრდებოდა მაგრამ ამან მიიღო პერმანენტული ხასიათი.

ეს სამი მექანიზმი მოქმედებს ნეგატიურად ამიტომ ძნელია მოლოდინი, რომ ახლო მომავალში შემცირდეს ახალი შემთხვევების რაოდენობა,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 206 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი.

დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 46 615. დღიურად აცრილია 3 469.

დღის ამბები