28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"აქტიურად უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია" - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას გულისხმობს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, თუ რაიმე პლატფორმა შეიქმნება პრეზიდენტის მხრიდან და მასში  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაერთვება, ამის მომხრე იქნება. 

"აქტიურად უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია. თუ რამე პლატფორმა შეიქმნება პრეზიდენტის მხრიდან და იქნება იქ ჩართული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამის მომხრე ვიქნები ბუნებრივია.

პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია აქციებთან დაკავშირებით, ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რა თქმა უნდა, რისკი მეტია, როდესაც ადამიანები შეიკრიბებიან აქციებზე და გამომდინარე აქედან, მან შეაფასა ეს ნეგატიურ მოვლენად. მეორეს მხრივ, არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ შეკრების და მანიფესტაციის უფლება და მუშაობს ეს კანონმდებლობა. ჩვენ ეს ბალანსი მაქსიმალურად უნდა შევძლოთ რომ დავიცვათ,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ერთობლივად უნდა მოხდეს ზრუნვა, რათა საზოგადოების ინფორმირებულობა გაიზარდოს და ვაქცინაციის მზაობისკენ ნაბიჯები გადაიდგას.

"ამას სჭირდება ალბათ ერთობლივი ზრუნვა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადება იმისათვის, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ. პოლიტიკური კომპრომისები და პოლიტიკური მიდგომები, ხშირად აზიანებს ეპიდ ვითარებას და აქედან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას. რაც შეეხება იმას, რომ არა ვაქცინირებული ადამიანები კლინიკაში მოხვედრის დროს საფასურს თვითონ გადაიხდიან, ამ ნაწილში ალბათ სხვანაირი მიდგომა დაგვჭირდება. ნებისმიერი სოციალური თავყრილობები და მით უმეტეს პოლიტიკური, სადაც ტემპერატურა მაღალია, შესაბამისად, სიმჭიდროვე და ვირუსის გავრცელების შესაძლებლობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია,“ - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები