28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ახლა მიდის მწვანე საშვის გარანტიებზე მუშაობა და როგორც კი იქნება ჩამოყალიბებული სურათი, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა ე.წ. მწვანე საშვების კონცეფცია იყო. როგორც თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განხილული იყო ყველა პარამეტრი ადამიანის უფლებების, ფინანსური, ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობებზე ზეგავლენის კუთხით. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელმაც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება მოსთხოვა:

"საუბარი იყო მწვანე საშვის ინიციატივაზე, საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მწვანე საშვის გამოყენების წესთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები დაინიშნება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება.

დღეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს. საუბარი იყო მწვანე საშვის კონცეფციაზე განხილული იყო ყველა პარამეტრი ადამიანის უფლებების, ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნეს აქტივობებზე ზეგავლენის კუთხით. ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით.

მნიშვნელოვანია ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია და გაყალბება ერთი - სერთიფიკატის ნაწილში და მეორე - დარღვევა იმ წესის, რომელსაც დავაწესებთ. ამდენად ვიდრე ბიზნესი თავად არ გამოხატავს მზაობას, რომ მომხმარებელი მწვანე საშვის გარეშე ვერ მოხვდება მასთან და ასევე არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციიდან გარანტიები, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ამდენად ახლა ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი იქნება ჩამოყალიბებული სურათი, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები