28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის და ეკლესიის ჩართულობა აცრის კამპანიაში - პრეზიდენტი ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი და სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო, აუცრელებისთვის კი ფასიანი მკურნალობის საკითხი უნდა განიხილონ. 

"ჩვენ მომსწრე ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი. სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდი საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდით. არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. და ბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფოდ მკაცრი ზომები იქნას მიღებული. სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები