28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
არაა გამორიცხული, ეჭვმიტანილთა წრე გაიზარდოს და გაფართოვდეს - სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე

დაიბარებენ თუ არა იმ პოლიტიკოსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლებიც მშვიდობიანი გზით რევოლუციის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ "ღამის კურიერში" უპასუხა. მან, ასევე, არ გამორიცხა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილთა წრე გაიზარდოს:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადებაც ემსახურება იმ გარემოებას, რომ მოხდეს მოქალაქეების ინფორმირება, რათა ისინი გაუთვითცნობიერებლად არ აღმოჩნდნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები. რა თქმა უნდა, თუ განცხადება არის საჯაროდ გაკეთებული და შეიცავს საჯარო მოწოდებას წყობილების დამხობისკენ და შეინიშნება სისხლის სამართლებრივი ნიშნები, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად აწარმოებს გამოძიებას, შესაბამისად, არაა გამორიცხული, ეჭვმიტანილთა წრე გაიზარდოს და გაფართოვდეს," - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

ის ამბობს, რომ უწყებას გასაჯაროებული ჩანაწერის გარდა, სხვა მტკიცებულებებიც გააჩნია და როდესაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მათი ნაწილიც საჯარო გახდება:

"ჩვენ მიერ გახმაურებული ჩანაწერი წარმოადგენს ერთ მტკიცებულებას არსებულ მტკიცებულებათა შორის, რომელიც, ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ არის მოპოვებული. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლო წესით გამოკითხვა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გამოძიება მიიჩნევს, რომ კონკრეტული დეტალები გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, გახდება საჯარო," - განაცხადა სუსის წარმომადგენელმა.

დღის ამბები