28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ახალი წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს მოკავშირეების სინანული მოჰყვა - როგორ აირჩევენ კიდევ 5 პირს დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე

საქართველოს მოკავშირეები სინანულს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას ნაჩქარევს უწოდებს ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს არ უპასუხეს. მმართველ პარტიაში კი ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლოს დამოუკიდებლობა, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

სასამართლოსთან კლანურ გარიგებაში ადანაშაულებს ხელისუფლებას და მმართველ გუნდს, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვისთვისაც სტრატეგიული პარტნიორები პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ მოკავშირეების მხრიდან უფრო მკაცრი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

მართლმსაჯულების სფეროში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, პარტია მოქალაქეებისა და გირჩის წევრებიც, თუმცა მათი შეფასებით, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის პოლიტიკური ნება არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას არ გააჩნია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ დროისთვის 10 წევრია. დარჩენილ 5 ვაკანტურ ადგილზე, არამოსამართლე წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ახალი წევრების ასარჩევად საჭიროა 90 ხმის მობილიზება კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, შეიძლება პრობლემა გახდეს. ამიტომ მამუკა მდინარაძის შეფასებით კანდიდატების შერჩევა ოპოზიციის ჩართულობით უნდა მოხდეს.

31 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ორი ახალი წევრი პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ, რომლებმაც საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს, გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით დამოუკიდებლად მიიღეს.

დღის ამბები