28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
შიმშილობის 34-ე დღე - რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ 

პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობის შეწყვეტაზე მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში დღესაც მნახველებს იღებს, ცოტა ხნის წინ პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ექსპრეზიდენტთან მოახლოებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრებს, რომელიც საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.

თავად მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ პროცესს დაესწროს, განცხადებაც გააკეთოს, თუმცა უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ სასამართლო სხდომა ონლაინრეჟიმში ჩაინიშნება.

"34-ე დღეა შიმშილობს და ლოგიკურიც არის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე, მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება და მისმა პირადმა ექიმმა, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები. 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია, ანუ რეალურად, მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ალბათ პროგნოზირება ცოტა რთულია დღევანდელი ხელისუფლების და მართლმსაჯულების, უბრალოდ, თუ შეეცდებიან რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით, უარს განვაცხადებთ," - ამბობს გიორგი გელხაური.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტთან შესახვედრად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. ის აცხადებს, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის თხოვნის საფუძველზე მივიდა.

"ძველი წყენები დავივიწყეთ, ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან. მათ შორის მე ვალდებული ვარ, როგორც მოქალაქე, ამ მძიმე დღეებში დავუდგე გვერდით და თუ რამეში დასჭირდება ჩემი მომსახურება, მე მზად ვარ," - ამბობს ვალერი გელბახიანი. 

დღის ამბები