28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
გარეული ნადირის თავდასხმა ადამიანებზე - ხონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - საქონლის შემდეგ, მგლები და ტურები თავს უკვე ადამიანებს ესხმიან. სოფელ პატარა ჯიხაიშში, ნადირმა შუახნის ქალი საკუთარი სახლის მიმდებარედ დაგლიჯა. ნანა მიქაძე "კურიერს" უყვება, რომ ნადირი ეზოში მოულოდნელად დაესხა თავს და სახეზე დაკბინა. ქალმა ტურა საკუთარი ხელებით მოიგერია, რის შემდეგაც ნადირი მეზობლებმა მოკლეს. დაზარალებულს სამედიცინო დაწესებულებაში სახეზე და კიდურებზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ წელს ეს მგლების და ტურების თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 

მგლების და ტურების გახშირებულ თავდასხმების შესახებ ინფორმირებულია ხონის მუნიციპალიტეტის მერია. ირკვევა, რომ გარეული ცხოველები უკვე ეზოებში შედიან და საქონელს კლავენ. მუნიციპალიტეტი მათი რაოდენობის რეგულირებისა და გარემოდან ამოღების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ჯგუფების შექმნას გეგმავს.

საქართველოში მგლებზე და ტურაზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, მოქალაქეებს შეუძლია სპეციალური ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ.

დღის ამბები