28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
რა ღირს ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში და სადაა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემული - უძრავი ქონება გაძვირდა

თბილისში წინა წელთან შედარებით ბინებისა და კერძო სახლების ფასმა მოიმატა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ინდექსის წლიურმა ზრდამ - 8.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი - 6.2 %-ით არის გაზრდილი.

2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 2021 წლის მესამე კვარტალში ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -კერძო სახლებზე 13.5 %-ით, ხოლო ბინებზე 7.3 %-ით.

ახალაშენებული ბინა ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია, აქ 1კვ.მ ფასი საშუალოდ 4089 ლარია. შემდეგ მოდის ვაკე 1 კვ.მ - 3612  ლარი და საბურთალო 1 კვ.მ -  2986 ლარი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად ბინები ყველაზე იაფი სამგორის რაიონშია 1 კვ.მ -  2332 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლებს, აქ  ყველაზე ძვირი უბნების სამეული იგივეა, თუმცა მცირედი ცვლილებებით, ბინებისგან განსხვავებით კერძო სახლები ვაკეში უფრო ძვირია (1 კვ.მ -  3510 ლარი.) ვიდრე მთაწმინდაზე (1 კვ.მ -  3400 ლარი.). მესამე ადგილზე აქაც საბურთალოა (1 კვ.მ -  2650 ლარი.).

რაც შეეხება ბინების საშუალო ღირებულებას მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით. 1 კვ.მ მწვანე კარკასის საშუალო ფასი 3020 ლარია, 1 კვ.მ თეთრი კარკასის საშუალო ფასი 2714 ლარი, ხოლო 1 კვ.მ შავი კარკასის საშუალო ფასი 2200 ლარი.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ვგებულობთ იმასაც, რომ ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა, სამშენებლო სამუშაოებზე გაცემული ნებართვების 47% სწორედ თბილისზე მოდის.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების მიხედვითაც თბილისი ლიდერობს.  2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1155.4 ათასი კვ.მ  ფართობის 1708 ობიექტი, მათგან 27.8% სწორედ თბილისშია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები