საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განახლებულ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გახსნა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არის პირველი გამოფენა ეროვნული გალერეის განახლების და ახალი კონცეფციით ამოქმედების შემდეგ და გალერეა დამთვალიერებლებს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.
"მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, კულტურის სამინისტროს შექმნისთანავე, ჩვენ ვთქვით, რომ ეროვნული გალერეა თავის პირვანდელ, გალერეის ფუნქციას დაიბრუნებდა და მხატვართა სხვადასხვა გამოფენას უმასპინძლებდა. მას შემდეგ, ჩვენ განვაახლეთ ეროვნული გალერეის საექსპოზიციო სივრცეები, სადაც სარემონტო სამუშაოები 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ეს სივრცეები ცუდ მდგომარეობაში იყო დარბაზებში ჩამოსული წვიმის წყლის გამო და დღეს განახლებული ეროვნული გალერეა იხსნება ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენით, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, ვინაიდან ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა გალერეის ფუნქცია და იგი ორი დიდი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. შემდეგ ეტაპზე მოეწყობა გალერეაში პროექტების სახით შემოსული თანამედროვე მხატვართა საინტერესო ექსპოზიციები. გალერეა ასევე უმასპინძლებს „ქართულ მოდერნიზმს“ ახალი ექსპოზიციით, ასევე, გამოფენილი იქნება ხელოვნების მუზეუმის სხვადასხვა ფონდების კოლექციები.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციისთვის, გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, "ბაია გალერეა" და ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 20 ნამუშევარი შეირჩა, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს. გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო-საინფორმაციო მასალა, რაც ნებისმიერი თანამედროვე ექსპოზიციის განუყოფელი ნაწილია და დღემდე ეროვნულ გალერეას არ ჰქონდა. კერძოდ, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ ხელმისაწვდომია აუდიოტური სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), რომლის მოსმენასაც დამთვალიერებელი ყურსასმენების საშუალებით შეძლებს; ლაზერის აპარატით კედელზე დატანილ იქნა მხატვრის ფოტო და ბიოგრაფია ორ ენაზე; განთავსდა სენსორული მონიტორი ვრცელი ინფორმაციითა და ფოტომასალით ფიროსმანისა და ძველი თბილისის შესახებ; აფიშები; ნიკო ფიროსმანაშვილზე ილია ზდანევიჩის წიგნის შესახებ ვრცელი ინფორმაცია; 1916 წელს სამი მხატვრის - ი. ნიკოლაძე, შ. ქიქოძე, ა. მრევლიშვილი მიერ შესრულებული ფოროსმანის პორტრეტების ესკიზური ჩანახატების ფოტო ასლები. ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრებიდან წარმოდგენილია მხატვრის 80 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. მათი ნაწილი (30 ნამუშევარი) პირველად არის ექსპონირებული. ვიზიტორებს გამოფენის ხილვის შესაძლებლობა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე ექნებათ.