28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იქნება დაცული.

"ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა დღეს პარლამენტს. მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის სერიოზულ კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს, მისი თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ამისთვის ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე. პროტესტი არის გარდაუვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ პარლამენტი ან საკრებულოები. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დასუსტდეს უკვე დასუსტებული "ქართული ოცნება," - აღნიშნა სამნიძემ.

დღის ამბები